მიხეილ სააკაშვილი - ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, მას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე
სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, სიამოვნებით იქნებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე.
„ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ნიუ-იორკ ჰოსპიტალში ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.