მიხეილ სააკაშვილი - ხალხი ძალიან რადიკალურად არის განწყობილი და მზად არის, ხელში იარაღი აიღოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრიანის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოროშენკოსადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვას თან ერთვის ანალოგიური შინაარსის ღია წერილი.
„აღიარეთ საკუთარი თავისა და ხალხის წინაშე, რომ თქვენ და თქვენ თანაგუნდელებს არ შეგიძლიათ და არ გსურთ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა ამ პოლიტიკური კრიზისის გადალახვის თითქმის უკანასკნელი შანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი მხოლოდ გამწვავდება. პრეზიდენტს, რომელმაც ხალხის ნების წინაშე თავი დახარა და თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა, შეუძლია ჰქონდეს სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინიდან მისი დეპორტაციის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში დარჩება ბევრი ადამიანი, ვინც მოქმედ ხელისუფლებას წინააღმდეგობას გაუწევს.
„უკრაინას არ სჭირდება მესამე მაიდანი. დღეს ეს ძალიან საშიშია“, – აცხადებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი და აღნიშნავს, რომ ხალხი ძალიან რადიკალურად არის განწყობილი და მზად არის ხელში იარაღი აიღოს.
როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, მისი ურთიერთობა პეტრო პოროშენკოსთან მეგობრობით დაიწყო, თუმცა დღეს ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.
„წინა წერილში მე შემოგთავაზეთ კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება. ამის ნაცვლად, თქვენ პირადი წერილი გაასაჯაროვეთ. მე არ ვარ წინააღმდდეგი. მასში არაფერი იყო დასამალი. თუმცა ამით თქვენ აჩვენეთ, რომ ღირსება არ გაგაჩნიათ. თქვენ არ უპასუხეთ ამ წერილს. თუმცა თქვენმა ადმინისტრაციამ მოაწყო პროვოკაცია ოქტომბრის სასახლესთან. ვაღიარებ, რომ პროვოკაციას წამოვეგე. ამისთვის მე უკვე მოვუხადე ბოდიში ჩემს მომხრეებსა და ყველას, ვინც ამ პროვოკაციის უნებლიე მონაწილე გახდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„თქვენ გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი და მე ტყუილში დამადანაშაულეთ. თითქოს სააკაშვილი მშვიდობიან მოლაპარაკებებზე საუბრობდა, თავად კი ოქტომბრის სასახლის შტურმზე წავიდა, სადაც კონცერტი ტარდებოდა. ამიტომ დღევანდელი წერილი ღია იქნება“, – აღნიშნავს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.
მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ პეტრო პოროშენკო ისტორიაში შევა როგორ უკრაინის ყველაზე დიდი ანტიგმირი.
„თქვენ არ გსურთ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების გატარება. თქვენთვის სინგაპური, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი წარმატებული მაგალითები არ გახდნენ“, – ამბობს „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი.