მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ანწუხელიძეს როცა კლავდნენ, მოსთხოვეს, დაგმე მიშა სააკაშვილი, მან სიცოცხლე გაწირა და ეს არ გააკეთა
გიორგი ანწუხელიძეს როცა კლავდნენ, მოსთხოვეს, დაგმე მიშა სააკაშვილი. გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა და ეს არ გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ საუბრობდა, რომელსაც მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი, რის გამოც ვანო მერაბიშვილი დღეს არის ციხეში, „არის ის, რომ არ ჩაება დაგმე მიშას კამპანიაში“.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაგმობა 2008 წლის ომის გმირს, გიორგი ანწუხელიძესაც მოსთხოვეს, რაც არ გააკეთა.
„მე მინდა ყველას შევახსენო, გიორგი ანწუხელიძეს როცა კლავდნენ, გიორგი ანწუხელიძეს მოსთხოვეს, დაგმე მიშა სააკაშვილი, დაგმე მიშა სააკაშვილი. და ის, რასაც აკეთებს ზურაბიშვილი, ყველა ეს ხალხი, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლი, გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა და ეს არ გააკეთა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილის მხარეს იყო, იმიტომ, რომ მას მიაჩნდა, რომ ეს იყო საქართველოს ღირსება და პრესტიჟი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძეზე საუბარი მოგვიანებითაც განაგრძო. მას სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდზე და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძის თემაზე სურდა საუბრის დასრულება.
„გიორგი ანწუხელიძეს, თუ გახსოვთ, აწამებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აკოცე მიწას და თქვი, რომ სააკაშვილი არის ასეთი და ისეთი. გიორგი ანწუხელიძემ უარი თქვა ამის განცხადებაზე და ამის გამო მოკლეს წამებით. ეს ხალხი დიდი სიამოვნებით გმობენ. გიორგი ანწუხელიძეს ესმოდა, რომ იმ შემთხვევაში უმაღლესი მთავარსარდლის დაგმობა ეს იყო ქართული სახელმწიფოს გაჩანაგება და თავის სიცოცხლე შესწირა ამას. ამ ხალხის არჩევა გიორგი ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, წარმოუდგენელი გმირობა, და უამრავ სხვა გმირს, შინდისის გმირებს მოკლავს ხელახლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.