მიხეილ სააკაშვილი - გავიგე, რომ საპატიმროში სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა
გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს გააცნო.
„მინდა, გაგაცნოთ ერთი წერილი. იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააკაშვილმა მიმართა წერილით და მე ბედნიერი ვარ, რომ მას ვკითხულობ, რადგან ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი, როგორი უნდა იყო მთავარსარდალი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
როგორც წერილში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საპატიმროში მყოფი რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე მისი მსხვერპლიც საკმარისია“.
„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
ამ დროისთვის, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამოძიების ცნობით, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო, გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობით, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ცხედარი წყალში გადააგდო.