მიხეილ სააკაშვილი - ევროპის სასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით ივანიშვილმა გააკეთა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2″-ის თანამშრომლებს მიმართავს და მათ მადლობას უხდის.
„მინდა, რუსთავი 2-ის კოლექტივს რამდენიმე სიტყვა ვუთხრა. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იბრძვით, იმისთვის, რომ არსებობთ, იმისთვის, რომ ეგეთი მაგრები ხართ და მთელი საქართველო, მიუხედავად შეხედულებებისა, თქვენს წინაშე ნამდვილად ვალშია. მეორე – ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ფიზიკურად ვერ გაგაქრობთ, ვერ მოგისყიდით და ხმას ვერ ჩაგაკმენდინებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ გზას იპოვით, რომელიც იმას გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს თქვენ სჭირდებით როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად და ახლა ალბათ მეტად, ვიდრე ადრე”, – აცხადებს სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისადმი ვიდეომიმართვაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ „ევროპაზე აქცენტი ზედმეტია“.
„შემდეგი მომენტი არის ის, რომ აქ ევროპაზე აქცენტი ჩემი აზრით, ზედმეტია, რადგან უბრალოდ ევროპის სასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით ივანიშვილმა გააკეთა, რა უბედურებაც მან ე.წ ქართულ სასამართლოში ჩაიდინა, მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე როგორც კი სასამართლოზე მისი კონტროლი აღარ იქნება, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შეიცვლება.
ახლა ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება საქართველოს, რომელზეც ჩაბრაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. გპირდებით ეს მომენტი ძალიან, ძალიან მალე დადგება. მე ამაზე დღე და ღამე ვმუშაობ. ვიცი, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ჩართული. ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. ჩვენთვის მთავარია, რომ ახლა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი და ეს საკმაოდ სწრაფი იქნება. მისი წამზომი ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამარჯვებას, ქართველი ხალხის გამარჯვებას საერთოდ არ აქვს ალტერნატივა და „რუსთავი 2“ ისევ თავისუფალი იქნება. მანამდე კიდევ ბრძოლას ვაგრძელებ. აბა თქვენ იცით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – აცხადებს სააკაშვილი.