მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ბევრგან ხდება, რომ პოლიცია უდებს იარაღს, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს
ძალიან ბევრგან ხდება, რომ პოლიცია უდებს იარაღს, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს, ეს ხდება ბევრ ქვეყანაში,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეებზე საუბრისას.
როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, საქართველოში ამ დროს არსებობდა გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი.
„არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი. რას მოვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო. გამოუცდელები ვიყავით, გამოიცვლება კიდევ 5–6 თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება, რაზეც ამდენი დავა მიდის. ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან ვარ კავშირში და ბოდიშს ვიხდი მაგრამ, დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
კითხვაზე, მაშინ რატომ იყო საუბარი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მიხეილ სააკაშვილზე, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის დასკვნა იუსტიციის ახლანდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაწერა, რადგან მას პირადი დაინტერესება ჰქონდა.