მიხეილ სააკაშვილი - დონბასში უნდა მოხდეს იგივე, რაც აჭარაში გავაკეთეთ
საქართველოში უფრო მეტი სეპარატიზმი გამოვიარეთ, ვიდრე დონბასშია, მაგრამ ახლა ეს აღარავის ახსოვს, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა მეწარმეებთან და აქტივისტებთან შეხვედრაზე კიევში განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმსა და მთიან აჭარაში სეპარატიზმი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს.
„დღეს დონბასში იმაზე მეტი პატრიოტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რაც შეეხება ამ თვითგამოცხადებულ დეფაქტო ლიდერებს, ცხადია, არ მჯერა, რომ მათთან დიალოგი შესაძლებელია, რადგან რეალურად მათი ლიდერი პუტინია და არავინ სხვა, ეს დეფაქტო მმართველები კი მარიონეტები არიან და მარიონეტებთან საუბარი შეუძლებელია, ვერაფერს გიპასუხებს, მაგრამ მჯერა, რომ ეს კრიზისი გადაილახება და თავის ტერიტორიებზე უკრაინა კონტროლს აღადგენს. როგორც კი ეს მოხდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ბევრი სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას.
მეორე კი რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქ მცხოვრებ ხალხს ქედმაღლურად არავინ არ უნდა უყუროს. საქართველოში უფრო მეტი სეპარატიზმი გამოვიარეთ, ვიდრე დონბასშია, მაგრამ ახლა ეს აღარავის ახსოვს.
ბათუმსა და მთიან აჭარაში, რომელიც დონბასზე ბევრად პატარაა, თუმცა საქართველოსთვის მაინც მჭიდროდ დასახლებულია, სეპარატიზმი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეები, რადგან ამ რეგიონს ძალიან დიდი რესურსი მოვახმარეთ.
თავიდან მათ ეშინოდათ, ფიქრობდნენ, რომ გასაძარცვად შევედით, მოგვიანებით მიხვდნენ, რომ მთელი რესურსი, რაც კი გაგვაჩნდა, აჭარისკენ მივმართეთ. იგივე უნდა განხორციელდეს დონბასში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.