მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს ყველა აქტივისტს მოვუწოდებ, ბოლომდე მაგრად იდექით, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას
ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას. ივანიშვილს არ მივცემ საშუალებას, მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი. დადექით მაგრად, ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე შევაჯდებით და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი გამარჯვების უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი დაღამდა და საზოგადოება მოეშვა, მმართველმა გუნდმა არჩევნების შედეგების გაყალბება დაიწყო.
სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებში შემაჯამებელი ოქმების გადაწერა განხორციელდა.
„ძალიან კარგად ვხედავ, რაც ხდება. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. როგორც კი დაღამდა, როგორც კი ხალხის ნაწილი მოეშვა, საზოგადოება ტელევიზორებს ჩამოეხსნა, ივანიშვილმა დაიწყო ამ საარჩევნო შედეგების მასობრივად გაყალბება. ივანიშვილს წაგებული აქვს და მანამდე ხომ ეგზიტპოლები აყალბა, მაგრამ რასაც ახლა შვრება, ეს არის ყველაზე უხეში დარღვევა, ლუკაშენკოს და მსგავსი რეჟიმების მქონე ქვეყნებზე კიდევ უფრო პრიმიტიული გაყალბება – ბანალურად ოქმების გადაწერა ყველა საარჩევნო უბანში. გამოცხადება იმისა, რომ თურმე ყველა მაჟორიტარი გაიყვანა პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც წააგო თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი – პრაქტიკულად ყველა მსხვილი დასახლებული პუნქტი საქართველოში. ახლა ცდილობს, ახალქალაქის, მარნეულის და სხვა ქალაქების გადაწერილი ოქმებით დაიწეროს 50 პროცენტი, რაც ფიზიკურად არ აქვს, რადგან ახლოსაც კი არ არის გავლილი.
მინდა, ახლა ყველა ჩვენს აქტივისტს, ყველა საარჩევნო უბანში ჩვენს წარმომადგენელს მოვუწოდო, ბოლომდე მაგრად იდექით. დილამდე გაძელით, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას. ივანიშვილს არ მივცემ საშუალებას, მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის განცხადებით, თითოეული ხმა დასაცავია და გვერდზე დგომის დრო არ არის.
„მინდა, მოვუწოდო ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, მეგობრებო, მესმის, რომ ყველა არ არის კმაყოფილი თავისი საარჩევნო შედეგით. ახლა აღარ არის კონკურენციის დრო, თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი. ახლა აღარ არის გვერდზე დგომის და გვერდიდან სეირის ყურების დრო. ახლა ყველანი ჩვენ ვდგებით ერთად, ვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ყველანი ერთად გვერდით ვწევთ ივანიშვილს და ამ ბანდას, ან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ვწყვეტთ არსებობას.
ან ახლა ჩვენ ვხდებით ჩვეულებრივი ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, რომელიღაც შუა აზიელი დიქტატურა, ან ჩვენ ვხდებით თავისუფალი ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს დაედგომებათ და სადაც თავისუფლად ცვლიან მთავრობას, თავისუფლად ხდება ნების გამოხატვა და ამ ნების პატივისცემა, თუნდაც ჭკუიდან გადასული რომელიმე მმართველის მხრიდან. დადექით მაგრად, ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე შევაჯდებით და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ხალხის წმიდათა წმიდა სიმართლეს, ჩვენი თავისუფლების და ჩვენი გამარჯვების უფლებას. ქართველ ხალხს აქვს გამარჯვების უფლება, მან მოიპოვა ეს გამარჯვება და ეს ქურდბაცაცა ღამე ვერ მოიპარავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.