მიხეილ სააკაშვილი - დღეს საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საცობი უნდა მოვიშოროთ და ავტობანით შევიდეთ ევროკავშირში
წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმის გამო, რომ საქართველოში ხალხმა ამჯერადაც გაიმარჯვა და ხალხმა შემდგომი გამარჯვებები უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ხომ გეუბნებოდით თავიდანვე, როცა ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დაგვცინოდა, მე ვამბობდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი, ახლა დაბრუნდა სიკორსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვქმნიდით აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას. მე ვთქვი, რომ იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და ზუსტად მოეწერა ხელი ჩემი პრეზიდენტობის დასრულებისას, ერთ თვეში. ვამბობდი, რომ იქნებოდა უვიზო მიმოსვლა, მივიღეთ ის 1-2 წელიწადში. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ ევროპარლამენტმა მიმიწვია თავის სესიაზე. უკვე უკანონო სისხლის სამართლის საქმეები იყო ჩემზე აღძრული და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე. რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები. ჩვენ, ქართველმა ხალხმა აუცილებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. არ შეიძლება, ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება, საქართველო უნდა იყოს თქვენი საკუთრება. ახლა მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება. ამიტომ ნუ უჯერებთ იმას, ვინც იძახის, რომ ვაიმე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ, ესენი თუ არ იყვნენ რაღაც საშინელება დაიწყება – საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არავის მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა, ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, ეს არის საცობი, დაცობილი ჩვენი ევროკავშირის გზაზე და უნდა გავიდეთ ავტობანზე, ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ და არ გამიცრუებია თქვენი იმედი. მათ შორის ისიც გავაკეთე, რომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე, რადგან უზომოდ მიყვარდა და მიყვარს საქართველო, ჩემი ხალხი. ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად, რამდენჯერმე პრაქტიკულად ამ მოგზაურობის დროს იყო პირდაპირი ფიზიკური მოსპობის საფრთხეც, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან ეს იყო თქვენდამი ჩემი დაპირება, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ და მაინც თქვენ გვერდზე ვიქნები. ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ძალიან ფართო ფრონტით და აუცილებლად ერთად შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.