მიხეილ სააკაშვილი - დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის
მიხეილ სააკაშვილი - დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის

სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატი ლიდერივით სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილის კითხვა დაუსვა, როგორ ახერხებს ფინანსურად, რომ მას უამრავი ადვოკატი და ექსპერტი იცავს, რაზეც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დედამისმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ აქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის.

„დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც „შპიგელის“ ჟურნალისტის თქმით, ჩანს მისი მხრიდან კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიის გამოხატვა და გარშემო ნივთების გადაყრა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსამართლე და პროკურორები მის პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება ჰქონდა და წამლებიც ამიტომ დაყარა.

„პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.