მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, მაგრამ გვჭირდება კოალიცია არა პარტიულ ჯგუფებთან, პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან
მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, მაგრამ გვჭირდება კოალიცია არა პარტიულ ჯგუფებთან, პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან

დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კოალიცია არა პარტიების, პარტიული ჯგუფებთან და პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, რას ნიშნავს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში 76 ხმა აიღოს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ის ჩაუდგება კამპანიას სათავეში და ეს იქნება თანმიმდევრული კამპანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება უმრავლესობის მოსაპოვებლად.

„დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, როდესაც მე ჩავუდგები სათავეში, სხვებთან ერთად, ამ კამპანიას, იმ პირობებში, როდესაც ეს იქნება აქტიური, ძალიან შეტევითი და ძალიან თანმიმდევრული, მომავალზე ორიენტირებული, ნამდვილი კამპანია, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ხმების დაცვის სისტემას, სახის ამოცნობის სისტემას, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დამკვირვებლებს, ახალგაზრდების მობილიზაციას ვახდენთ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება უმრავლესობის ასაღებად. ამავე დროს, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ბევრი სხვა ადამიანი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის საზოგადოების ფართო კოალიცია. სიტყვა კოალიცია მე არ მაშინებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე „მიუხედავად იმისა, რომ მოიგებთ არჩევნებს, კოალიციური მთავრობისთვისაც ემზადებით, ანუ ორივეზე ვსაუბრობთ?“, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კოალიცია მას არ აშინებს, მაგრამ ეს უნდა იყოს საზოგადოების წარმატებული, წარჩინებული წევრების კოალიცია.

„ადგილების გაყოფაზე მაქვს ალერგია და გულისრევის ინსტინქტი. ჩემი ამოცანაა მომავალი და ყველასთვის გზის გახსნა და არა ერთი და იგივე ხალხის მუდმივად წრეზე ტრიალი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს სხვა ვერავინ მივა.

კითხვაზე, რას ნიშნავს, რომ ის ჩაუდგება კამპანიას სათავეში, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამოცდილების გაზიარებას და რაიონულ ორგანიზაციებთან ყოველდღიურ კონტაქტს აპირებს.

„ეს არის ჩემი გამოცდილების ორგანიზაციული გაზიარება, ეს არის ყოველდღიური კონტაქტი ჩვენს ყველა რაიონულ ორგანიზაციასთან, ხალხთან. ეს არის მუდმივი ჩართვები ბევრგან. ახლა, ბოლო რამდენიმე დღეში ჩავერთე ხუთ თუ ექვს ახალგაზრდულ ჯგუფს. ეს არის ჩემი დიალოგი ქართველ ხალხთან, თუნდაც თქვენი დახმარებით, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, თქვენი და სხვა საშუალებების დახმარებით. რა თქმა უნდა, მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის. მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.