მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე
ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ეუბნებიან აზერბაიჯანელებს, რომ ჯერ ადრეა ლტოლვილების შეყვანა, დაარჭვეს რუსული დროშები აზერბაიჯანის მიერ აღებული ადმინისტრაციული შენობების უმეტესობაში. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი უკვე ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, რაც სრულიად გასაგებია, რადგან სახლში შემოუშვეს დათვი, თავის ტერიტორიაზე დააკანონეს რუსული სამხედრო ბაზა. ამ პირობებში, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც შეიძლება განსახილველი იყოს პომპეოსთან სხვადასახვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან (რადგან ეს არის სულ ახლო მომავალში კოალიციური მთავრობა), არის ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ოფიციალურად არ არიან რუსი სამხედროები; ოკუპირებული ნაწილი არავის მიერ არ არის აღიარებული და ისინი უკანონოდ არიან, შეჭრილები არიან ფაქტობრივად. ამერიკას აქვს პრობლემები თურქეთში, სამხედრო საჰაერო ბაზასთან, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ სენაკი, ვაზიანი, სადაც მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია. ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნადმენტური საკითხია ამერიკის ყოფნა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა.