მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვექნება 200 000 და 300 000 წელიწადში, გვექნება ქვეყანა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვექნება 200 000 და 300 000 წელიწადში, გვექნება ქვეყანა

ჩვენ გვექნება 200 000 და 300 000 წელიწადში, ჩვენ გვექნება ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ბავშვების ერთადერთი პერსპექტივა უცხოეთში გადახვეწა და იქ წარმატების მიღწევაა.

„მთავარი ის კი არ არის, რა და როგორ გავაკეთე, მთავარი არის, ის რომ არაფერი აღარ კეთდება და მომხედავი არავინ გყავთ. ამ ბავშვების ერთადერთი პერსპექტივა, თუ ასე გაგრძელდა, არის ქვეყნიდან წასვლა, უცხოეთში გადახვეწა, იქ დაფუძნება და წარმატების იქ მიღწევა, რადგან საკუთარ ქვეყანაში მათ არ აქვთ მომავალი.

ზუგდიდში ჩვენ ვაშენებდით ძალიან დიდ პროექტებს, პროექტებს სჭირდებოდა ძალიან ბევრი ხალხი და რაც მთავარია, ამას შემოჰქონდა ფული, რომელიც შეიძლება გადანაწილებულიყო ხალხზე.

დანარჩენებს უთხარით, რომ არ ვიყიდებით არც 200, არც 300 და არც 500 ლარზე, რადგან ჩვენ გვექნება 200 000 და 300 000 წელიწადში, ჩვენ გვექნება ქვეყანა. ან ჩვენ ამას დავიჯერებთ, რომ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ, ანდა ეს კაცი კიდევ უფრო გაგვირთულებს ამბავს და ჩვენს შვილებს უფრო რთულად წაუვათ საქმე“,- განაცხადა სააკაშვილმა.