მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ
ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ადრე არჩეული ადამიანებიც უნდა დააბრუნონ და ყველა შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებული.
„მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე – გიორგი ვაშაძეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მუშაობს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იქნა დაშვებული შეცდომები, ყველა შეცდომა აღმოიფხვრას. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ჩემს თავზე ვიღებ ხელმძღვანელობას, ჩემს თავზე ვიღებ იმას, რომ პარტიის რეიკარნაცია მოახდინონ, პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ.
რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. პრემიერ-მინისტრობის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ ვითარებას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, რადგან ჩვენ მოვდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ, პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს. არაფორმალურ მმართველობაზე როცა საუბრობენ, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს. არაფორმალურად ჩემს მმართველობაზე თუ არის საუბარი, მე იმ პირობებში, როგორშიც აღმოვჩნდი, ჩემი ნებით არ ვარ და ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიასა და ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს.
როდესაც აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ? ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ იბრძოლებდა, ვინ გააკეთებდა? მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემს თავზე ავიღო ყველაფერი. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებალდ ბოლომდე უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც გაყვანილ იქნენ. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ. მე ვიქნები ამის კოორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ… ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „როდესაც საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, უნდა დაიხუროს ეროვნული ბანკი, რადგან გამოიყენება მანიპულაციებისთვის. საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება. ევროპაში თუ შევდივართ, იყოს ევრო, მით უმეტეს, ქართველების ძირითადი შემოსავლები სწორედ ევროპიდან მოდის. მეორე – საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება ეს მრავალშრიანი გადასახადი, იმიტომ რომ ესეც არის კორუფციის წყარო“.