მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ვინმე თუ ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს, ვემზადებით გასამარჯვებლად, აბა, რისთვის ჩამოვედი აქ
ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მიხეილს სააკაშვილის თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა ერთიანობა.
„არ მინდა, ჩავიკეტოთ რაღაც პარტიულ ფარგლებში. მინდა, ნათლად გითხრათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, უნდა აჩვენოს საუკეთესო, რაც შეუძლია. ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. თუ ვინმე ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს. ხომ გითხრათ კალაძემ, 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო. ვერ მიიღებს, თუ აქეთ მხარეს, ჩვენიდან ვინმე ამისთვის არ არის მზად, იყვნენ მუდმივად ოპოზიციაში. ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად. აბა, რისთვის ჩამოვედი აქ, აბა, რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში?! იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. პოლიტსაბჭო, რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ადამიანების წასვლა და მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ინიციატივის ნაწილი, რათა ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.