მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის საქართველო არის ყველაფერი, რისთვისაც ღირს ცხოვრება და სიკვდილი, ახლა ჩემს თავს ვეუბნები - გამარჯვება ან სიკვდილი
„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინიდან მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.
სააკაშვილის თქმით, მას თანამდებობა არ აღელვებს, არამედ საქართველოს საუკეთესო მომავლისთვის იბრძვის.
„არავინ იბრძვის თანამდებობებისთვის, საერთოდ არ მაღელვებს არც ერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი სამჯერ უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს – საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს. ჩემთვის საქართველო არის ჩემი რწმენა, ყველაფერი, რისთვისაც ღირს ცხოვრება და სიკვდილი. და ახლა, ჩემს თავს ვეუბნები – ან გამარჯვება ან სიკვდილი. ვინაიდან სიკვდილი ნამდვილად არავის გვსურს, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება თქვენთან ერთად, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს.
„ნახეთ, რომ მათ ტყუილებს და შეცდომებს აქვს კონკრეტული ადამიანური ფასი – ყოველ დღე პანტა-პუნტით გვეხოცება ხალხი ახალი ვირუსისგან. ეს იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადეს, რომ საქართველოში დაიწყო მეორე ტალღა. დღეს იგივე კაცი ამბობს, რომ მეორე ტალღა კიარა, თურმე, საქართველოში მხოლოდ პირველი ტალღა იწყება. მათ თვლაც არ იციან, მათთვის მეორე ტალღის შემდეგ იწყება პირველი ტალღა, მათთვის უკვე დამარცხებული კოვიდი საქართველოში ბრუნდება სომხეთზე მეტი ციფრებით. იმის მაგივრად, რომ მომზადებულიყვნენ, ნახეთ, რამხელა რიგებია საავადმყოფოებში, სად არის უფასო ტესტები? მთელი ფული, რომელიც მათ გამოიღეს თქვენი ჯიბიდან, თითოეული თქვენგანის, თითოეული ოჯახის სახელით ისესხეს 10 000 ლარი, მთელი ეს ფული დახარჯა გახარიამ, ივანიშვილის ძმამ და ყველა სხვამ თავის სასტუმროებზე, თავის ნათესავებზე. ტალახაძის ძმა დანიშნეს სასწრაფოების უფროსად და იმის შემდეგ, თურმე სასწრაფო ოთხი საათი აღარ მოდის. მერე რა მოხდაო? კიდევ დაგვცინიან. მერე რა მოხდა რომ ხალხი იხოცებაო, ერთ-ერთი მუშკეტერი ამბობს, ხალხი იხოცება იმიტომ, რომ თანმდევი პოზიციები აქვსო, ზოგს მუხლი სტკიოდაო, ზოგს შაქარი ჰქონდა აწეული, ზოგს ხანდახან წნევა უწევდაო. უკაცრავად, თუ წნევა გვიწევს, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ დავიხოცოთ, რადგან თქვენ მთელი ფული მოიპარეთ? იმის გამო, რომ პრეპარატები არ იყიდეთ? იმის გამო, რომ მედპერსონალი არ მოამზადეთ? მედპერსონალი თვითონ არის დაუცველი, თავად გადასდებს თავის პაციენტებს დაავადებას. გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა დასტაბილურდეს ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება.
„მე მაქვს ზუსტი გეგმა, როგორც კი ჩვენ მოვალთ, სიტუაციას მთლიანად დავასტაბილურებთ დაავადების თვალსაზრისით, ხოლო წლის ბოლოს საქართველოს ექნება დაავადებების მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რადგან ჩვენ შემოვიტანთ ყველაზე მოწინავე წამლებს, ჩვენ შევძლებთ ყველაზე საუკეთესო აპარატურის შემოტანას, ისევე როგორც თავის დროზე გავუმკლავდით ქათმის და ღორის გრიპებს, რადგან ჩემი მთავრობა ამას აკეთებდა, ესენი მხოლოდ გატყუებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.