მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის ნიკა მელია არის სიმბოლო შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის, რის გარეშეც არაფერი გამოვა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის ნიკა მელია არის სიმბოლო შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის, რის გარეშეც არაფერი გამოვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია მისთვის შეუპოვრობის, გამბედაობისა და თავგანწირვის სიმბოლოა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ელექტრონულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

„მინდა, მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა, ჩვენს ასობით, ათასობით აქტივისტს ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა, გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს  ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული – ელექტრონულ არჩევნებში, ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავისი სამშობლოს ბედს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ლევან ვარშალომიძეს და აღნიშნა, რომ ვარშალომიძემ უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდ თანამდებობაზე თქვა უარი, დაბრუნდა საქართველოში და ბოლომდე იბრძვის.

„ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უარი თქვა უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდ თანამდებობაზე, დიდი მოძრაობა გაშალა აჭარასა და საქართველოში, დაბრუნდა და იბრძვის ბოლომდე. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ამ არჩევნებში მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალხს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ ჩვენ დავუბრუნებთ მას ამ გამარჯვებას. ამისთვის, ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს. ახლა მთავარია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევუტიოთ ბოლომდე. ჩვენი საბოლოო გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მე ამის ღრმად მწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ყრილობაზე ვიდეომიმართვის დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.