მიხეილ სააკაშვილი - ჩემს დროს საქართველოს მოქალაქეებს თვალებში გამოხედვის ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა მიეცათ
მიხეილ სააკაშვილი - ჩემს დროს საქართველოს მოქალაქეებს თვალებში გამოხედვის ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა მიეცათ

ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად ოთხჯერ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა განვითარების, ადამიანური ცხოვრების და თვალებში გამოხედვის. შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და უკვე მერვე წელია, საქართველო გაიზარდა ნული პროცენტით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ბოლო წლებში დღევანდელმა თაობამ დაკარგა თავისი ცხოვრების უზარმაზარი მონაკვეთი, როცა საქართველოს ჰქონდა შანსი, ეცხოვრა, როგორც  საკმაოდ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანას.

„ყველაზე ძვირფასი, ყველაზე აუნაზღაურებელი ამ ცხოვრებაში არის დრო. დრო არის ის, რასაც ყველაზე მეტად კარგავს საქართველო ბოლო წლებში და საერთოდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ მთელი პერიოდი შევარდნაძის დროს და შემდეგ ვკარგავთ დროს 2012 წლის შემდეგ. რომ ვილაპარაკოთ ციფრებით, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად ოთხჯერ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა განვითარების, ადამიანური ცხოვრების და თვალებში გამოხედვის. შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და უკვე მერვე წელია, საქართველო გაიზარდა ნული პროცენტით, ე.ი ამ თაობამ დაკარგა უზარმაზარი მონაკვეთი თავისი ცხოვრების, სწორედ ის მონაკვეთი, როცა საქართველოს ჰქონდა შანსი, ეცხოვრა როგორც ნორმალურ, საკმაოდ განივთარებულ, ევროპულ ქვეყანას, გავსულიყავით საბერძეთისა და ხორვატიის დონეზე. ეს შესაძლებლობა დავკარგეთ ბოლო წლებში“ ,- აცხადებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, „საქართველო დღეს ბიძინა ივანიშვილისგან დაჩოქებულ მდგომარეობაში იმყოფება“.

„ივანიშვილმა საქართველო მუხლებზე დააჩოქა, დაააჩოქა კრიმინალით. კრიმინალებმა დაჩოქეს ჩვენი საზოგადოების პრაქტიკულად დიდი ნაწილით, ესენი ამას აკეთებენ რეგურალურად არჩევნებზე, ყოველდღიურად ჩვენს ეზოებში და ქუჩებში, ავიწროებენ ჩვენს ახალგაზრდობას, უკლავენ მომავლის იმედს. კორუფციამ და კორუმპირებებულმა ჩინოვნიკებმა დააჩოქეს ჩვენი ბიზნესი და თითოეული მოქალაქე, ისინი არიან დამცირებულ მდგომარეობაში, დაჩოქებულ მდგომარეობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამო. საქათველოს აჩოქებს ნებისმიერი აგრესიული ელემენტი ჩვენს სამეზობლოში, რადგან საქართველოს აღარ აქვს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და უნარი. საქართველოს ხალხი პრაქტიკულად დააჩოქა ივანიშვილმა, დააჩოქა თავისი სიხარბით, მისი გაუტანლობით, თავისი სიძულვილის და ზიზღის თესვით საზოგადეობაში, აი ამ დაჩოქებულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო. ჩემი მიზანია საქართველოს ისევ ფეხზე დაყენება, საქართველოს მუხლებიდან წამოყენება, დაჩოქებული საქართველოს ამ მდგომარეობის ერთხელ და სამუდამოდ გადალახვა და დავიწყება, საქართველოს ფეხზე დაყენება და წელში ბოლომდე გამართვა.საქართველოს შეუძლია, რეგიონში იყოს ყველაზე მაგარი ქვეყანა, გარშემო ნახეთ რა ქვეყნებია, გაძეძგილი ფულით, შესაძლებლობებით, მაგრამ საქართველოს შეუძლია, ეს ყველაფერი წამოიღოს და თითოეულ ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ ამუშაოს.

ჩვენ გვქონდა წარმოუდგენლად მნიშნველოვანი პროექტები სწორედ ამ მიმართულებით, ვყოფილიყავით რეგიონის ცენტრი განათლების, ეკონომიკის, ტურიზმის, სწრაფი განვითარების თვალსაზრისით. აქ წამოსულიყო მთელი ფული და აღარ გასულიყო საქართველოდან ხალხი. დღეს ქართველი დედები მოხუცებს უვლიან იტალიაში და შემდეგ გამოგზავნილი კაპიკებით, მათი შვილები იმის მაგივრად, რომ სწავლაში დახარჯონ ფული, მიდიან და ტოტალიზატორებში ფლანგავენ და ისევ მშივრები რჩებიან. ჩემი ამოცანაა ამ უბედურებიდან და ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა“ ,- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა აქვს.

„მე მაქვს კონკრეტული გეგმა და ვიცი, რა ხალხთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება, თქვენთან ერთად შეიძლება ეს ყველაფერი. ამიტომ დღეიდან დაწყებული, ჩვენ მოვემზადებით გადამწყვეტი მომენტისთვის, როდესაც დაიწყება საქართველოს სწრაფად ფეხზე წამოდგომა, დაჩოქებული მდგომარეობიდან გამოყვანა და თქვენთან ერთად ვისაუბრებ სისტემატიურად, თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ საქართველო ამ უბედურებიდან და წავიდეთ წინ, საქართველოში აუცილებლად გათენდება, საქართველო აღარ იქნება დაჩოქებული, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.