მიხეილ სააკაშვილი კომედიად აფასებს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მტკიცებულებების სახით სასამართლოში წარდგენილ სერგეი კურჩენკოსთან მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ფალსიფიკაციაა.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.
„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამკითხეს, მითხრეს, რომ კურჩენკოსთან საუბრის ავთენტურობის დასადგენად ჩემი ხმის ჩაწერაა საჭირო. მათ ვერ მიიღეს ჩემი ხმის ჩანაწერი, მაგრამ უცებ გაირკვა, რომ თურმე კურჩენკოსთან ჩემი საუბარი ნამდვილია. ეს დიალოგი კურჩენკოსთან არ ყოფილა, მაგრამ რომც ყოფილიყო, იქ არ იკვეთება არც გადატრიალების მცდელობა და არც დაფინანსების საკითხი. ეს ყველაფერი ჰგავს მდარე, საბჭოთა მილიციის პრაქტიკას”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი კომედიაა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ანონიმური წყაროსგან, რომ პრეზიდენტი პოროშენკო დეკემბერში ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. მათი საუბარი ეხებოდა უკრაინელი მძევლების გათავისუფლებას, თუმცა სანაცვლოდ მოსკოვმა მოითხოვა, რომ სააკაშვილი დაეპატიმრებინათ.
„პუტინმა და ვინმე მაშკა ზახაროვამ არაერთხელ ახსენეს ჩემი სახელი, ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ ჩემზე. ამავდროულად, საქმეში ჩაერთო ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც პირადად არის დაინტერესებული ჩემი დაპატიმრებით”, – განაცხადა სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ უკრაინის მთავრობის ინიციატივა არ არის. როგორც სააკაშვილი აცხადებს, საბოლოო მიზანია იგი დააპატიმრონ და გადასცენ საქართველოს, რადგან ეს არის ივანიშვილის მოთხოვნა.
„ეს წმინდა წყლის ეფ-ეს-ბე-ს სპეცოპერაციაა ჩემს წინააღმდეგ.“ – აღნიშნა მან.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობა ედება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა.