მიხეილ სააკაშვილი - ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო
ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააჟღერა.
„ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტებისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.