მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა სამჯერ
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა სამჯერ

ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა სამჯერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი ბაღდათში, გუშინ მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს მხოლოდ თავისი ხეების გადატანაზე, გადარგვასა და გზების გაკეთებაზე ამ ხეებისთვის, იმ პირობებში , როდესაც მან დახარჯა 100 მილიონ ლარზე მეტი მარტო გასულ წელს თავის ბინძურ პროპაგანდაზე, ტელევიზიებზე, თავის ფეისბუქ-ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად, მათ ვერ იპოვეს რამდენიმე 100 ლარი ამ გაუბედურებული ოჯახის დასახმარებლად და რეალურად სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია, რადგან, როდესაც მთავარი ხელისუფალი არის მთავარი ქურდი, როდესაც ხელისუფლება იპარავს, აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის და როდესაც ისინი ხელს იშვერენ ჩემი ხელისუფლებისკენ – ციფრები არის ჯიუტი რამ. გაერო-ს მონაცემებით, ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიღარიბე შემცირდა მინიმუმ ორჯერ. იუნისეფის მონაცემებით კი, ასევე ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა სამჯერ. მერე ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი, რომ მოეხმარებინათ ხალხისთვის. ამის მაგივრად, ეს ყველაფერი წაიღეს სახლში და აგრძელებენ საქართველოს ძარცვას. ამათ პირობებში სიღარიბე გაიზარდა ისევ მინიმუმ ორჯერ, ასევე დაიწყო მომატება ბავშვთა სიკვდილიანობამ. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების ფაქტები. საქართველოში უნდა გათენდეს. საქართველო უნდა ადგეს მუხლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავექცევით ახალ ტრაგედიებს, რადგან ეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას. ამას ყველაფერს დაესმება ძალიან მალე წერტილი, ამის დაპირებას გაძლევთ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

ბაღდათში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი ოთხი არასრულწლოვანი შვილიც. ასევე, გარდაცვლილია მათი მეზობელი ქალი.