მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ, უხერხულია ჩემი დადანაშაულება რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას
ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ, უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიღაცებს სწყენიათ, რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ, უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.
ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს.
დიახ, ჩვენ გვინდა, გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში არის შობადობის პრობლემა და აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი“.