მიხეილ სააკაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრი უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტი უფრო მკაცრი უნდა იყოს რუსეთთან მიმართებით, რათა მსოფლიოში კრემლის მზარდი ძალაუფლება კონტროლის ქვეშ იყოს, – ამის შესახებ მოძრაობა ახალი ძალების ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია CNN -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
შეხვედრა ჰოლანდიის დედაქალაქში შედგა. ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მსხვერპლი 2012 წელს თავადაც გახდა.
მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ გზავნილად აფასებს აშშ-ის მიერ უკრაინისა და საქართველოს თავდაცვითი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იწონებს აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად რუსი დაქირავებულების განადგურებას.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეტის გაკეთებაა საჭირო, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციების ზრდა.
“პუტინს სძულს ამერიკა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი, კარგი ამერიკელი პრეზიდენტი სუსტი ამერიკელი პრეზიდენტია” – აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მრავალი თვალსაზრისით, ტრამპი სწორ გზაზე დგას, როდესაც აძლიერებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, რადგან პუტინს მხოლოდ ერთი ენა, აბსოლუტური ძალა ესმის.
“თუმცა აშშ-ი მკაცრი უნდა იყოს არამხოლოდ გეოპოლიტიკურ, არამედ დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებშიც, რადგან ეს საკითხები კავშირშია უსაფრთხოების პრობლემებთან” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით სადავო ბრალდებები ახშობს იმას, რაც უფრო ფართო შეშფოთების საგანი უნდა იყოს – პუტინის ძალაუფლება და გავლენის ზრდა.
“ხალხი ამბობს, რომ დასავლური მოდელი კარგი არ არის პირადად ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის მმართველები ვართ, შემდეგ კი, შესაძლოა, ამსტერდამში დავასრულოთ, ან კიდევ უარესი – ციხეში ან გარდაცვალებით. ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესია პუტინს ვუყუროთ. ის მარადიულია, ის ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩება, ის აკონტროლებს მედიას, ქვეყანაში არ არის ოპოზიცია, მას ვერავინ ეხება, მას აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენაც კი შეუძლია” – აცხადებს სააკაშვილი.