მიხეილ სააკაშვილი - არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან მაქვს კავშირი, დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის თემებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტები ხდება საზღვარგარეთაც.
„რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, უკაცრავად და, ასეთი რამე ამერიკაში ყოველ დღე ხდება. ძალიან ხშირად ხდება”, – განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან არგადაყენება იყო დიდი შეცდომა.
„ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა. მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა. სიტუაცია მართლაც იყო და ორ-სამდღიანი ომის შემდეგ, ავიღე ეს დარტყმა. ის ხალხი დააპატიმრეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.