მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, არც თქვენ აღიაროთ
მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, არც თქვენ აღიაროთ

მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს და მოგიწოდებთ ქართულ საზოგადოებას, არ აღიაროთ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებს საერთო არაფერი ჰქონდა დემოკრატიულ პროცესებთან.

„ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, იმას, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიულ პროცესთან.

„ხალხო, თქვენ ამ წუთში ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია და არჩევნების ინსტიტუტი. ამ დღეებში რაც ხდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და არაფერი კავშირი არ ჰქონდა ხალხის ნებასთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.