მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის რეფორმების ნაციონალურ საბჭოში იმუშავებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის რეფორმების ნაციონალურ საბჭოში ინიშნება. ამის შესახებ მან „დოიჩე ველეს“ უკრიანულენოვან რედაქციას განუცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დააზუსტა, ის არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ინიშნება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ნაციონალურ საბჭოში მისი დანიშვნის თარიღი არ დააკონკრეტა, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ეს შეიძლება, დღესვე მოხდეს.
უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ შეიქმნა. საბჭოს წევრები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიშნება.