მიხეილ სააკაშვილი - ახლა საჭიროა უკრაინაში ახალგაზრდობის მომზადება, ლექციების წაკითხვა, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას
მე რა თქმა უნდა, დავბრუნდები უკრაინაში. დავბრუნდები თუ არა პოლიტიკაში, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა უკრაინაში აუცილებლად მინდა დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ბელსატ ტივის“ ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოქალაქეობა მას ბანდიტურად ჩამოართვეს და ქვეყნიდან გამოაძევეს.
„ვფიქრობ, ამ მხრივ სამართლიანობა უნდა აღდგეს. მით უმეტეს, რომ მე იგივე დამემართა საქართველოშიც. საქართველოშიც არ მიშვებენ და უკრაინაშიც არ მიშვებენ. ახლა პუტინი მტროლავს, გუშინ კიდევ რაღაც თქვა ჩემზე პრესკონფერენციაზე. მან ოფიციალურად განიხილა არა მხოლოდ საქართველოში თავის მომხრესთან, მან არა მხოლოდ საჯაროდ მოუწოდა პრეზიდენტ პოროშენკოს, არ შევეშვი უკრაინაში, არამედ მან თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთანაც კი, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობებთან, მათ ტერიტორიებზე ჩემი არშეშვების საკითხი დააყენა. ეს უსამართლო სიტუაციაა. მე მთელ მსოფლიოში დავდივარ. რატომ არ შემიძლია საკუთარ სახლში, თბილისსა და კიევში ჩასვლა? ეს უსამართლობა უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევა პუტინისთვის ცუდი ამბავია, რადგან ეს არის ფენომენი, რომლისაც მას საერთოდ არ ესმის.
„მას ესმის ოლიგარქების, კორუფციონერების, ანტირუსულად განწყობილი, თუმცა სუსტი მმართველებისაც, რომლებიც მხოლოდ ფულს აკეთებენ, თუმცა ხალხისთვის არაფერს აკეთებენ. ასეთებისაც ესმის მას, თუმცა ზელენსკის საერთოდ არ ესმის. მას საერთოდ არ ესმის, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთ დიდ ქვეყანაში ზომბირებისა და ყველაფერი დანარჩენის მიუხედავად, უცებ ხმა მისცა სრულიად სხვა რაღაცას. ამიტომაც პუტინისთვის ეს ცუდი ამბავია. სწორედ ამიტომ, მან თავიდანვე დაიწყო მთელი არსენალის გამოყენება. პასპორტების დარიგება მისი ენიდან ითარგმნება როგორც სამხედრო კონფლიქტით პირდაპირი მუქარა, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბური თავდასხმის პირდაპირი მუქარა. ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ის ზელენსკისა და მის გუნდს ამოწმებს. ვფიქრობ, ახლა მთავარი ძალა ჩვენს ხალხებშია. არ არსებობს ერი, რომელსაც არ სურს, იყოს თავისუფალი. უკრაინელებმა ეს ახლა აჩვენეს. რა ხერხი აღარ გამოიყენა პოროშენკომ – ფული, მიიწვია სხვადასხვა ბინძური პოლიტტექნოლოგები, მიმართა სხვადასხვა ხრიკს, გაყალბებას, თუმცა არაფერმა იმუშავა. საქართველოში ამან ჯერ ნაწილობრივ იმუშავა, თუმცა წინა არჩევნებზე ჩვენ ივანიშვილს დიდი ზარალი მივაყენეთ და არ ვფიქრობ, რომ ის ამის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვა. ვფიქრობ, მისი საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოშორება თვეების საკითხია. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლება არაფერზე იცვლება. ეს უმაღლესი ღირებულებაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინას დღეს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესოს ლაპარაკობს, რომელსაც აქვს საღი აზრი და მას დახმარება სჭირდება.
„ჯერ პოროშენკოა პრეზიდენტი და ის მართავს სასაზღვრო ძალებს. მე დაველოდები, ვიდრე ზელენსკი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას. რა თქმა უნდა, უკრაინაში არსებობენ ძალები, რომლებიც დაიწყებენ მის (ზელენსკის) დროსაც ლობირებას, თუმცა ვფიქრობ, ეს არ იმუშავებს, რადგან ახლა ყველაფერს უკრაინელი ხალხი წყვეტს. ახლა არის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესოს ლაპარაკობს, რომელსაც აქვს საღი აზრი და მას დახმარება სჭირდება. ჩემს მთავარ მიზანს ვხედავ მის დახმარებაში, მისი დაპირებების შესრულებაში, რამდენადაც შევძლებ. მე შემიძლია მას მხოლოდ რჩევა გავუზიარო. ბუნებრივია, მე უკრაინაში არანაირ თანამდებობებს არ ვეძებ და არ ვაპირებ დავიკავო. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვიყო კიევში ჩემს მეგობრებთან. ვფიქრობ, უკრაინის პოლიტიკაში ახლა წავა ახალი ადამიანების დიდი თაობა, ახალგაზრდობა. საჭიროა მათი მომზადება, მათი კონსულტირება, მათთვის ლექციების წაკითხვა. მე სიამოვნებით გავაკეთებდი ამას“, – განაცხადა სააკაშვილმა.