მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ საარჩევნო სიისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ „ევროპულ საქართველოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობდა
მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ საარჩევნო სიისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ „ევროპულ საქართველოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობდა

პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, გუბაზ სანიკიძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ჩაიშალა.

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოსთან“ შეთავაზება ნამდვილად ჰქონდა, ასევე საუბარი იყო პარლამენტის თავმჯდომარეობაზეც, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზება უარყოფილი იყო.

„ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ერთიანობის მომხრე. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და არ გამოვიდა. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება „ევროპული საქართველოს“ მიმართ და ეს მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა წარმოებდა, რომ პარიტეტულ საწყისებზე, პრაქტიკულად თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც, რაღაც მიზეზების გამო, მათ მიერ იყო უარყოფილი“, – განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.

მისივე თქმით, იმ გაერთიანებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად შექმნა, აქვს პოტენციალი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება დააკომპლექტოს.

„ახლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა პრემიერობის კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი, აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლობით ქვეყნის შიგნიდან და გარედანაც დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე, რევანშზე საერთოდ არავინ უნდა იფიქროს. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლასა და განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, რომ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, დავასტაბილუროთ, ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები და გადავცეთ ხელისუფლება ქართველი მოღვაწეების ახალ თაობას. ეს ზუსტად ასე იქნება და არავის არაფერი უნდა ეწყინოს. ჩვენ უნდა გვიხაროდეს მხოლოდ ერთი წარმატება, არა ის, ჩვენი ადგილი სად იქნება, არამედ სად იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.