მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის დეპორტაციას აჩქარებს
უკრაინაში „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 22 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური საფუძველი ჩამოართვას. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია News One-ის ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„ისინი დააჩქარებენ უკრაინიდან „ჩემი დეპორტაციის“ სასამართლოს. მე გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 30 დღე მქონდა, თუმცა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა, რომელმაც მოიგო სასამართლომ, 30 დღე არ მოიცადა და საკუთარი მოგებული საქმე გაასაჩივრა. ეს გაკეთდა, რათა სასამართლო გაიმართოს ორშაბათს, ხოლო სამშაბათს მე აღარ მქონდეს არც ერთი ლეგალური დოკუმენტი უკრაინაში ყოფნისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის აპელაციას 3 იანვრის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.