მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გასული წლის 7 დეკემბერს თავად მიმართა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე არ წარადგენდა სარჩელს.
ამასთან, ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას.
„ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.
სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, 2021 წლის 7 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.
მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.
ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი და აქვე, ევროპული სასამართლოსადმი 7 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელსაც მისი ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი აწერენ ხელს.