მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილი დახვდა
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილი დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დახვდა.

როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, უწყებაში განუმარტეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო უწყებიდან გახსნასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როდესაც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვა სცადა.

„მე ვთქვი, რომ  ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. იმ მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომ თქვენი გოგო შარშიაო და შემდეგში უარყოფას, რომ ამდაგვარი საუბარი არ ყოფილა, დაემთხვა ისიც, რომ თამუნას „ფეისბუქი“ წაიშალა. უკვე ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. რას ემსახურებოდა იმ მაღალჩინოსნის განცხადება, რომ შარში იყო ეს ბავშვი, თუ კომპიუტერს იმ დღეებში ვერ ხსნიდნენ და ვერ გახსნეს? სკანირება მიმდინარეობს და რამდენი საათი და დღე დასჭირდება, ვერ გეტყვით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ექსპერტების ჩამოყვანა მოხდეს და გადამოწმდეს, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ დრომდე დალუქულია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

„რაც შეეხება ავტომობილს, ის დალუქულია და იმედია, გახსნილი არ არის. ჩემს თვალწინ დაილუქა და ჩემი ხელმოწერაა იმ ლუქებზე. ვცდილობ, დავუკავშირდე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლობას,მოვიწვიო ექსპერტი, რომ ჩემს თვალწინ გაიხსნას მანქანა“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.

​ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ აეროგადაღების ჩანაწერი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

ამასთან ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

საქმეზე გამოიკითხა ასევე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი. გარდაცვლილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, სწორედ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა მას, რომ მისი შვილი „შარშია“. გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო.