მიხეილ რამიშვილი - პროკურატურის განცხადება არ ნიშნავს, რომ სამი ჯიპის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, თუ როდის დატოვეს სუს-ის ავტომანქანებმა შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორია და რა მარშრუტით გადაადგილდებოდნენ ისინი.
„ვიცი მასალა, რაც გაასაჯაროვა პროკურატურამ. ეს არის ის, როდესაც სამი ჯიპი შედის ბაზაზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა და თვითონ გამოძიებასაც აქვს დაყენებული შუამდგომლობა, რომ უნდა დაადასტურონ, რომელ საათზე გამოდის იმ ბაზიდან აღნიშნული სამი ჯიპი. ჩვენთვის ეს მტკიცება არ არის, რადგან სხვა მონახაზიც გვაქვს, რომ ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელები“, – განაცხადა რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ სამი ავტომანქანის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამასთან, საგამოძიებო უწყება ეხმაურება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული სამი ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.
„აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.