მიხეილ რამიშვილი - მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ საქმეზე ერთი ვერსიით მუშაობა არ შეიძლება და ეს მიუღებელია
მიხეილ რამიშვილი - მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ საქმეზე ერთი ვერსიით მუშაობა არ შეიძლება და ეს მიუღებელია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

რამიშვილის განცხადებით, პროკურორისგან დამაიდებელი ინფორმაცია მიიღეს.

მისივე თქმით, მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ საქმეზე ერთი ვერსიით მუშაობა არ შეიძლება და ეს მიუღებელია.

ამასთან, როგორც რამიშვილი აცხადებს, საქმეში და ექსპერტიზებში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთვება.

„თუ გავიხსენებთ, თავიდანვე იყო უნდობლობა გამოძიების მიმართ და მოვითხოვდით, საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩართულიყო და ექსპერტიზებში მიეღო მონაწილეობა, საელჩოსაც მივმართეთ, რაზეც გვეუბნებოდნენ, რომ მზაობა იყო, მაგრამ ოფიციალურად ელოდებოდნენ საქმის განხორციელებას.

დღეს, როდესაც შევხვდით პროკურორს და მოადგილეებს, წარმოგვიდგინეს დოკუმენტები და მოსამართლეების განჩინებები იმის თაობაზე, რომ მოთხოვნები გადაგზავნილია და ჩართულობა იქნება, მაგრამ ეს დროსთანაა დაკავშირებული.

არის მზაობა, რომ იქნებიან მოწვეული ადამიანები და მათგან  რაც ფეისბუკთან, გუგლთან და ვებსაიტებთანაა დაკავშირებული, ყველაფერზე იქნება სრულად მიღებული ინფორმაცია.

საქმესთან დაკავშირებით  ბევრი ექსპერტიზა არის ჩასატარებელი და ეს არის პორველ რიგში, კომპიუტერთან. რადგან ჩვენ უნდობლობაზე განვაცხადეთ, როგორც კომპიუტერზე, ისევე ავტომობილზე დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ მოძიებული იქნას ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის განხორციელდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა-გადაადგილება. ყოველ შემთხვევაში, მოსამართლის განჩინებაა, რომ კითხვებზე იქნას პასუხი გაცემული და რეაგირება იყოს.

რაც შეეხება შსს-ს მიერ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, საკითხზე დიდხანს ვისაუბრეთ და პროკურორს ვუთხარით, რომ ეს არის სწრაფვა, საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ თვითმკვლელობა მოხდა.  მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ ეს მისაღები არაა და არ შეილება ერთი ვერსიით მუშაობა. პირობა მოგვცეს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით დედატალურად იქნება გამოძიება წარმართული. ყველაფერზე პასუხისგამცემი იქნება ირაკლი შოთაძე“, – განაცხადა რამიშვილმა.