მიხეილ რამიშვილი კვლავ ითხოვს, თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს
მიხეილ რამიშვილი კვლავ ითხოვს, თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნების და ჩანაწერების მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მოითხოვს, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან ერთად, გამოძიება სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს.

მიხეილ რამიშილი ასევე ითხოვს, დაზარალებულ მხარეს გადაეცეს სატელიტური ფოტოები, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს, იდგა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს რაიონში იმ ადგილას, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან წაშლილი მასალა უნდა აღადგინონ.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით, ბაჩალიაშვილს „იუთუბის“ გვერდზე ოჯახთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჰქონდა ატვირთული.

„ვიდეობს გავეცანი, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ნუ დავარქმევთ, ბოლო სიტყვას ნუ დავარქმევთ. ეს იცით როგორი მომენტია? არსებობს დასამშვიდობებელი ბრჭყალებში და მომავლის სიტყვაც, მაგ: მე მივდივარ, მე მომავალი წინ მაქვს, ბევრი საქმე უნდა გავაკეთო და მე კარგად ვიქნები. ასევე არის შემდეგი ხასიათის ვიდეო – ბავშვობაში მაგალითად შეყვარებული და გაბრაზებული თუ ვიყავი. გვქონდა დღიური სადაც ვწერდით : იმან გამაბრაზა, არაფერი აღარ მინდა, მე თავს მოვიკლავ, გადმოვხტები მეხუთე სართულიდან. ვიდეოში ტირის და იძახის, რომ მე არ მინდა არაფერი, მშვიდობით“, – განაცხადა რამიშვილმა

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში განმარტეს, რომ „იუთუბიდან“და სოციალური ქსელიდან 19 ვიდეოჩანაწერია ამოღებული, რომელიც საქმისთვის მნიშვნელივანია და ექსპერტიზა უტარდება.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

ამასთან, პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების შეძენაა ასახული.