მიხეილ რამიშვილი - ბაჩალიაშვილის საქმეზე მოწმეების ნაწილი განმეორებით დაიკითხება
თბილისის პროკურატურაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატის შეხვედრა დასრულდა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქმის მოწმეების განმეორებით დაკითხვას შეეხო.
„ყველა ის პირი, რომელიც დაიკითხა, თუმცა ჩვენებები ბუნდოვანია, ხელმეორედ დაიკითხება, რომ დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოება. გარდა ამისა, ბევრი საგამოძიებო მოქმედება იქნება განხორციელებული, რაც უნდა განეხორციელებინა, პირველ რიგში, წინასწარ გამოძიებას ერთი თვის წინ. მედიკამენტებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ბევრი პირის დაკითხვაზეა საუბარი, ასევე დაიკითხებიან თამუნას კლასელები“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოჯახმა დააყენა საკითხი, საქმის მუხლის გადაკვალიფიცირებაზე, რაზეც განუცხადეს, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნის შედეგების შემდეგ გადაწყდება.
„დღეს არაფერზე მიმიღია პასუხი, მწყემსის დაკითხვა არ მომეწონა. ფორმალურად იყო მაშინ დაკითხული და გავაჟღერეთ, რომ ეგ მოწმეები თავიდან დაკითხულიყვნენ.დაგვთანხმდნენ. ყველაფერი ჩაიწერეს, თეთრიწყაროს მოწმეები უნდა დაიკითხონ. შუქთან დაკავშირებით იყო დაყენებული საკითხი. მე მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება, მითხრეს, ექსპერტიზის პასუხს ველოდებითო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.