მიხეილ ქორქიას შვილიშვილი ამერიკის საკალათბურთო პირველი დივიზიონის კოლეჯის გუნდში ჩაირიცხა #1TVSPORT
შალი რამიშვილმა კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა – 20 წლის ქართველი კალათბურთელი IMG აკადემიიდან პირველი დივიზიონის კოლეჯში, „ნორდ ვესტში“ გადავიდა.
შალვა რამიშვილი დაიბადა 2000 წლის 26 სექტემბერს, სამი წელია ამერიკაში ვარჯიშობს, სადაც ზრდისა და დაწინაურების იმედად გამგზავრა. ამერიკაში თავდაპირველად ლოს-ანჯელესში კუპერის აკადემიაში ვარჯიშობდა, 2019 წლიდან IMG აკადემიაში, რომელსაც უწოდებენ გზას ბავშვების კალათბურთიდან NBA-მდე.
IMG, ეს არის ცნობილი აკადემია მაიამიში, სადაც რამიშვილმა ერთი წელი ითამაშა და ისწავლა. ქართველი IMG აკადემიაში ვარჯიშობდა და პარალელურად, სწავლობდა და მიიღო საჭირო ქულები, რომლის გარეშეც ამერიკულ უნივერსიტეტის გუნდში ვერ მოხვდებოდა და კარიერული ნახტომს ვერ გააკეთებდა.
შალი რამიშვილი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ოლიმპიური ჩემპიონის, მიხეილ ქორქიას შვილიშვილი და ცნობილი წყალბურთელის, დიმა რამიშვილის შვილია, რომელიც 2004-2010 წლებში პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი იყო, ხოლო 2000-2001 წლებში – ქუთაისის „ტორპედოს“ ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.
შალი შარშან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობდა:
„სპორტული ოჯახიდან ვარ და მსურს, რომ ეს ტრადიცია განვაგრძო. NBA-ში მოხვედრაზეც ვფიქრობ. მანამდე ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს და მიმაჩნია, რომ ბევრი ვარჯიში დამჭირდება, მაღალი დონის კალათბურთი რომ ვითამაშო. ახლა ნაკრებში მოხვედრაზე ვარ კონცენტრირებული“, – ამბობს შალი რამიშვილი.