6 ქულა და 4 მოხსნა „ჰიუსტონთან“ - მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT 

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილმა, რომლის „სან ანტონიო სპურსი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერად, დიდი სხვაობით დამარცხდა – 110:142.

მამუკელაშვილი პარკეტზე პირველ მეოთხედში ჩაერთო და საერთო ჯამში, 17.17 წუთი ითამაშა. ამ დროში ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-იდან 1 სამქულიანი, 5-იდან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. სანდროს 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა და ერთი დაკარგვაც.

შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი უპირატესობა „როკეტსმა“ პირველივე პერიოდში მოიპოვა, როცა მეტოქეს 14 ქულით გაექცა. ტეხასელებმა სხვაობის 10 ქულამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც 32 ქულით დამარცხდნენ. „ჰიუსტონს“ 31 ქულით ჯეილენ გრინმა ულიდერა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი 16 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სპურსი“ 11 მარტს „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.