მიხეილ მინდაძე - მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობა დაიკარგა და სკოლა ნაკლებად სასიამოვნო ინსტიტუცია გახდა
ქვეყანა დაიყო ორ დიდ ნაწილად – უფროსებისა და ბავშვების ქვეყნად, – განაცხადა 161-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, ბავშვის აღზრდის პროცესში მშობელი და მასწავლებელი არ უნდა გაიმიჯნოს.
„მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობა დაიკარგა და დღეს სკოლა ნაკლებად სასიამოვნო ინსტიტუცია გახდა. საერთოდ, ბავშვის აღზრდის პროცესში მშობელი და მასწავლებელი არ უნდა გაიმიჯნოს. ხშირ შემთხვევაში, მშობელი პირდაპირ აგრესიულად მოდის, რადგან განწყობა აქვს ისეთი, რომ ბავშვი მასწავლებლისგან დაიცვას. ასეთ შემთხვევაში მას უნდა აუხსნა, ასწავლო, რომ ასეთი მიდგომა არასწორია, მაგრამ ხშირად, სამწუხაროდ, მასწავლებელი ვერ ახერხებს, მშობელი გადმოიბიროს და ერთ მხარეზე დავდგეთ. ერთმანეთის კამათში ბავშვი გვერდზე გვრჩება და ვერც ერთს ვეღარ გვიტანს“, – განაცხადა 161-ე სკოლის დირექტორმა.
როგორც მან აღნიშნა, სოციალური თუ სხვა ნიშნით, დღეს საქართველო მრავალ საზოგადოებად დაიყო.
„რაც მთავარია, ქვეყანა დაიყო ორ დიდ ნაწილად – უფროსებისა და ბავშვების ქვეყნად. ესაა ორი ცალ–ცელკე არსებული სამყარო. პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდით, თაობებს შორის ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა, რაც ალბათ, მეტ–ნაკლებად გამოგვდიოდა, მაგრამ დღეს ეს ორი სამყარო ერთმანეთს ძალიან გაემიჯნა. შესაძლოა, ეს სოციალურმა მიზეზებმაც განაპირობა, რადგან მშობლები ოჯახის შესანახად საშოვარზე არიან და ბავშვის ინტერესები გვერდზე რჩება“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.
მისი თქმით, მასწავლებლობა არა საგნის მიწოდება, არამედ ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.
„დღეს მასწავლებელი მილიონნაირ ტრენინგს გადის, მაგრამ მასწავლებლობა არა საგნის მიწოდება, არამედ ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რაც დღეს დეფიციტია. საერთოდ, პრობლემას მარტო სკოლა ვერ მოაგვარებს. ამას საზოგადოების გაერთიანება სჭირდება“, – განაცხადა მინდაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რეალურად, ქცევის რომელ კოდექსს იცავენ ბავშვები, დაწერილს თუ დაუწერელს, მიხეილ მინდაძემ განაცხადა, რომ მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, რომელიც სკოლამ შექმნა, სიცოცხლისუნარიანი დოკუმენტი უნდა იყოს.
„ბავშვები ქცევის წესებს თავად ქმნიან, უფრო სწორად ირგებენ იმ ფორმას, რომელიც ამ საზოგადოებაში გადასარჩენად ეადვილებათ“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.