ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ასისტენტად გუნდის ყოფილი მოთამაშე, მიხილ მახვილაძე დაინიშნა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„მიხეილ მახვილაძე ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. ის გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი საქართველოს თასს დაეუფლა“.
მიხეილ მახვილაძემ კარიერა ქუთაისის „რწმენაში“ დაიწყო. თამაშობდა წყალტუბოს „სამგურალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ბათუმის „დინამოში“, რუსთავის „ოლიმპში“, „სიმურგში“ (აზერბაიჯანი), ბოლნისის „სიონში“, „ხორეზმში“ (უზბეკეთი), ფოთის „კოლხეთში“, რუსთავის „მეტალურგში“, კარიერაა კი ქუთაისის „ტორპედოში“ დაასრულა. იყო საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების წევრი, 2001 წელს ერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
მახვილაძემ საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა და ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელ-კონსულტანტი გახდა. მუშაობდა ქუთაისელთა 19-წლამდელთა გუნდშიც. იყო მარტვილის „მერანისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.
„მცირე პაუზა მქონდა. მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ბედნიერი ვარ და მადლობა მინდა ვუთრა კლუბის ხელმძღვანელობას. 2 მაისს გასამართი შეხვედრა არ არის რიგითი კალენდარული მატჩი. ამ დღეს „ქუთაისობაა“ – უნდა მოვიგოთ. ეს მოგება სჭირდება თავად გუნდს და სჭირდება ქალაქს“, – განაცხადა მიხეილ მახვილაძემ.
2 მაისს ქუთაისის „ტორპედო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. მატჩი „რამაზ შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.