მიხეილ ხიდურელი - მთავრობის მიერ დაწყებული „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში, დღეს უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ
მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით შეგროვდა 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.
„ქართული კომპანიების დახმარებით დღეს უკრაინაში გავაგზავნეთ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის პირველადი მოხმარების ნივთები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სხვადასხვა არამალფუჭებადი საკვები. დარწმუნებული ვარ, ახლა, როდესაც უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, ეს იქნება მოკრძალებული წვლილი მათ დახმარებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიაში, ასევე „საქართველოს ფოსტას“, რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა და ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“, რომელმაც დიდი დახმარება აღმოგვიჩინა“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.