მიხეილ ხიდურელი - დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის, რომ განვითარდეს საქართველოსა და საუდის არაბეთის ურთიერთობები
დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში არის დაახლოებით 100 მლნ დოლარის, რაც, დამეთანხმებით, რომ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, როგორც საუდის არაბეთია, არის საკმაოდ დაბალი რიცხვი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი, – ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
ხიდურელის თქმით, დღევანდელ ბიზნესფორუმზე ასზე მეტი კომპანიაა საუდის არაბეთიდან წარმოდგენილი.
„ჩვენ გვყავს სტუმრად 100-ზე მეტი საუდური კომპანია, რომლებსაც დავათვალიერებინეთ სხვადასხვა საწარმო, სხვადასხვა ტერიტორია და საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი ამხელა დელეგაციასთან ერთად, ჩაუყრის საფუძველს იმას, რომ განვითარდეს საქართველოსა და საუდის არაბეთის ურთიერთობები. ჩვენ ვხედავთ ძალიან მზარდ ინტერესს საქართველოსადმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურის ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ემირატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მუშავდება რამდენიმე ძალიან მსხვილი პროექტი, ამიტომ ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე საუდის ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოთი. რა თქმა უნდა, პირველივე ჩამოსვლაზე და შეხვედრებზე არ იდება ხოლმე შედეგები, თუმცა იწყება მოლაპარაკებები. სწორედ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და საზოგადოებას სისტემატურად გავაცნობთ ხოლმე ამ შედეგებს. ძირითადი სექტორები, რომლითაც დაინტერესებულები არიან საუდელი ბიზნესმენები, ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. ეს არის უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა. სწორედ ეს არის ის მთავარი სექტორები, სადაც გარე ინვესტიციებს ახორციელებენ საუდელი ინვესტორები და სწორედ ამ სექტორებზე მოხდა აქცენტის გაკეთება, უპირატესობების ჩვენება და, რა თქმა უნდა, კონკრეტული შეთავაზებები“, – განაცხადა ხიდურელმა.