გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მამამ განაცხადა, რომლითაც სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა.
თენგიზ კალანდიას თქმით, თავიდანვე ვერ წაიყვანეს გამოძიება სწორი მიმართულებით, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო.
„პროკურატურის, სასამართლოს, შსს-ს ინტერესიც იყო და „ოცნების“ ინტერესი იყო კიდევ, რომ თავიანთი გაფუჭებული ვერ გამოასწორეს და ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვსულიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ჩვენზე იყო ყველაზე ადვილად შესახოცი ხელი და იმიტომ. ჩვენ გაგვწირეს და თვითონ ყველა კარგადაა“ ,- განაცხადა თენგიზ კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.