მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაზე ორგანიზაციის 20-წლიანი მუშაობა შეაჯამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა სუამ-ის 20-წლიანი მუშაობა და ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი შეაჯამა.
ჯანელიძის თქმით, სუამ-ი სრულყოფილ რეგიონალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გამორჩეული იყო საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში, ჩატარდა რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება სუამ-ის ქვეყნების, პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მინაწილეობით. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციამ შეაჯერა ხედვა ორგანიზაციის მომავალზე.
“ეს ხედვა უკავშირდება მეტ პოლიტკონსოლიდაციას, მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას, მეტ სექტორალურ ჰარმონიზაციას და მეტ ხალხთაშორის კონტაქტებს. ამ ხედვას დაეფუძნება გეგმა და სტრატიგიული ხედვა, რომელზეც უკვე მუშაობს სუამ-ის სამდივნო და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხედვა მოლდოვის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მომავალი წლის დასაწყისში, უკვე გარდაიქმენება სტრატეგიად და კონკრეტული ქმედებები გაიწერება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენ შევძელით ხელი მოგვეწერა სექტორალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზე. ასევე, ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას. პირველ რიგში თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ ამოქმედების შეთანხმებას და ასევე შეთანხმებას სატრანსპორტო კორიდორის განვითარების შესახებ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტი სუამ-ის რიგით მეათე საიუბილეო სესიას მასპინძლობს. წელს საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა.