მიხეილ ჯანელიძე - ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს
მიხეილ ჯანელიძე - ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს

ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ ნატო-სთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომლითაც ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკური განვითარების პროექტებსა და რეფორმებს თავდაცვის სფეროში, რომელიც გაწერილია ყოველწლიური პროგრამით.

ასევე ვახორციელებთ არსებით პაკეტს, რომელიც აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აახლოებს მას ნატო-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკვე ყველას კარგად აჩვენა, რამდენად მზად არის, გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებსა და რეფორმებს, რომლებიც იმედია, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ნატო-ს წევრობა ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.