მიხეილ ჯანელიძე - ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხში აქტიურად ვართ ჩართული
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში ჩართულია როგორც ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ასევე, საკონსულო დეპარტამენტი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ლიბიაში საელჩო არ აქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი წარმომადგენლობების მეშვეობით მუშაობს პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც ლიბიაში თავიანთი საელჩოებით არიან წარმოდგენილი.
„ჩვენ არა თუ ყოველდღიურ, არამედ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვართ ჩართული ამ ადამიანების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, პირდაპირ კავშირზე ვართ ადვოკატებთან, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. მე პირადად მქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან. ვიყენებთ ყველა რესურს, იმისთვის რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ერთ-ერთი დაკავებულის გათავისუფლებაც სწორედ ჩვენი ქმედებების შედეგია“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყება ყოველდღიურ კონტაქტზეა დაკავებული მეზღვაურების ოჯახებთან და მათ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის.
„დიდი ხანია ჩვენ ვითხოვდით ვიზას ლიბიაში ჩასასვლელად ჩვენი წარმომადგენლების, როგორც ვიცი, ეს პროცედურა დასრულებულია, ანუ ძალიან მალე გახდება შესაძლებელი, რომ არა მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით, რომლებიც იქ ჩვენ წარმოგვადგენენ და ასევე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საკონსულოების მეშვეობით, არამედ პირადად მოინახულონ ჩვენმა წარმომადგენლებმა ეს ადამიანები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ აქტიური ჩართულობით დანარჩენების გათავისუფლება, ან პირობების გაუმჯობესება მოხდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლო პროცესზე და დანაშაულის სიმძიმეზე, რა ბრალდებითაც ქართველი მეზღვაურები დააკავეს.
ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა და საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა.