მიხეილ ჯანელიძე - ვაფრთხილებთ მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციასა და შუამავლების დაპირებებზე
ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ მოქალაქეები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვს.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს არამიზნობრივად ითხოვენ.
„თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანი დევნილია პოლიტიკური წნეხის გამო, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუ შვედეთის მონაცემებს ავიღებთ, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება საერთოდ არ მოხდა, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებებს უზრუნველყოფს და ასევე ადამიანის უფლებები ბევრად უკეთ არის დაცული, ვიდრე წლების წინ იყო. საქართველო ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარა და შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ეს მოქალაქეებისთვის ლატარია, რისკი და საფრთხეა. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, არ წამოეგონ ამ ცრუ ინფორმაციას და დაპირებებს შუამავლებისგან, თუ სხვა ნაცნობებისგან და კარგად გაიაზრონ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი ვიზიტი რას ემსახურება”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც დიდი წარმატებაა და შესაძლებლობაა.