მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ევროპული გზა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მიდის
„ევროკავშირი ეს არის უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, თითოეული მისი მოქალაქის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის უპირატესობა, ეს არის უნიკალური თავისი პერიოდითა და განვითარებით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ევროპის ნაწილი, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ევროპულ ოჯახში. ამიტომ არის ძალიან სასიხარულო ის წარმატება, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და ასევე ის ამბიციებიც, რომელიც აქვს, როგორც გაფართოების მიმართულებით, ასევე სამეზობლოში მეტი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.
პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა სხვა მიმართულებით ინტეგრაციული პროცესით საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს.
დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, წარმატებით ვახორციელებთ ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სექტორალურ დაახლოებას და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით ყველა მიღწევა, რასაც საქრთველომ ამ გზაზე მიაღწია, არის მოქალაქეების ნებისა და ევროკავშირის ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების შედეგი. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ინტეგრაციის მიმართულებით დღეს გამორჩეული ლიდერი და მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.
„მაგრამ აქ არ მთავრდება საქართველოს ევროპული გზა, ჩვენი ევროპული გზა მიდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე. ამისთვის არსებობს სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან. ერთიანია საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი და ყველა შესაბამისი უწყება იმ პროცესში, რომელიც აახლოებს საქართველოს ამ მიზანთან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.