მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზად არის, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად იმუშაოს, რუსეთმა უნდა აირჩიოს, დარჩება ბნელ მხარეს, თუ ხელს შეუწყობს სამეზობლოში მშვიდობას
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზად არის, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად იმუშაოს, რუსეთმა უნდა აირჩიოს, დარჩება ბნელ მხარეს, თუ ხელს შეუწყობს სამეზობლოში მშვიდობას

საქართველომ მკაფიოდ აჩვენა, რომ მზად არის, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით იმუშაოს, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. რუსეთმა კი უნდა გადაწყვიტოს, დარჩება ისტორიის ბნელ მხარეს, თუ ხელს შეუწყობს თავისი სამეზობლოს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ოპედში, რომელიც „ატლანტიკური საბჭოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ბრძანებით აღიარა. მინისტრის აზრით, ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავზე რუსეთის საპასუხო რეაქციაა.

„გასულ კვირას სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთი და ცხინვალი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) – საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

უდავოა, რომ ეს აქტი ასადის მთავარი მფარველის – რუსეთის ბრძანებით განხორციელდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციასა და ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ქართველები მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავზე რუსეთის საპასუხო რეაქციაა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი, სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გზით, აფხაზეთსა და ცხინვალზე ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, კერძოდ, მან ჩვენს ქვეყანაში თავისი რეგულარული არმია შემოიყვანა და ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. ამის შემდგომ, მან ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად – „აფხაზეთის რესპუბლიკად“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“ გამოაცხადა. აღნიშნული ქმედებების მხარდასაჭერად რუსეთმა უზრუნველყო რამდენიმე ადვილად მართვადი სახელმწიფოს (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ) მიერ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი რუსეთის ქმედებებს ეწინააღმდეგება, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას.

„რუსეთი ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, უშიშროებისა და ეკონომიკურ-სოციალურ სისტემაში ინტეგრაციას;

საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ამ რეგიონების სრულ იზოლაციას – ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების მკვლელობის ფაქტების ფონზე, რომლებიც დაუსჯელი რჩება;

ახორციელებს ეთნიკურ წმენდას და ამავდროულად ბლოკავს ნებისმიერი დისკუსიის დაწყებას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენს; და ახორციელებს რუსიფიკაციის პოლიტიკას რეგიონების სკოლებში სწავლების პროცესის მხოლოდ რუსულ ენაზე გადაყვანის გზით“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, „ჰიბრიდულ“ მაქინაციებს დასავლეთში. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოების გასაღიზიანებლად სირიის გამოყენება მოსალოდნელი იყო.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ აშშ-ს პოზიციასაც, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის გამართულ შეხვედრებზე არაერთგზის გაჟღერდა. საქართველოს ყველა საფუძველი აქვს, სჯეროდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

რუსეთს, ალბათ, იმედი აქვს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სირიის გამოყენება შეიძლება, იქცეს გარკვეულ გზავნილად სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა საზღვრებში იყვნენ მოქცეულნი და რომლებსაც რუსეთი კვლავ თავის „გავლენის სფეროებად“ აღიქვამს. თანამედროვე სამყაროში ამგვარი დრომოჭმული აზროვნების ადგილი აღარ უნდა იყოს“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთს, წესით, უნდა უხაროდეს თავისი მეზობლების, მათ შორის, საქართველოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ჯანელიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს კეთილდღეობა სწრაფად უახლოვდება.

„საქართველო პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებით – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ევრაზიას განსაზღვრავს და რომლებსაც სარგებელი მოაქვს როგორც სახელმწიფოების, ისე ინვესტორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს ხელყოფისკენ, ისევე როგორც აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო ხელმოწერის გზით, წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ძალისხმევა ზიანს აყენებს როგორც რუსეთის, ისე მისი სატელიტი სახელმწიფოების ინტერესებს.

საქართველომ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზადაა იმუშაოს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზნით, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. რუსეთმა კი უნდა გადაწყვიტოს, დარჩება ისტორიის ბნელ მხარეს, თუ ხელს შეუწყობს თავისი სამეზობლოს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.