ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა ევროკავშირის პარლამენტში დებატებით და უმაღლესი წარმომადგენლის, ქალბატონი მოგერინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
„ის იყო ძალიან მკაფიო ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია, რომელიც ახლავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთივე მკაფიო იქნება რეზოლუცია, რომელსაც იმედია, ხვალ მიიღებს ევროკავშირის პარლამენტი. ოკუპაცია დგას ძალიან აქტიურად განხილვის დღის წესრიგში საერთაშორისო ფორმატებში.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერის კუთხით უპრეცედენტოდ აქტიურია.
„ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა შევძლოთ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო პრინციპების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.