მიხეილ ჯანელიძე - რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა მაშინ, როცა მიტინგებს, დემონსტრაციებს არბევდნენ, კლავდნენ ადამიანებს
მიხეილ ჯანელიძე - რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა მაშინ, როცა მიტინგებს, დემონსტრაციებს არბევდნენ, კლავდნენ ადამიანებს

ვფიქრობ, იყო აბსოლუტურად დაცული ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მოსაზრებას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორი დღის წინ რუსთაველზე ევროპული იდეა დამარცხდა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  საქართველომ აჩვენა მაგალითი დემოკრატიული განვითარების.

„მინდა გითხრათ, რომ ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე, როდესაც მიტინგებს, დემონსტრაციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ ადამიანებს, როდესაც იყო აბსოლუტური გაუგებრობა ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, დღეს, როდესაც საქართველომ აჩვენა მაგალითი დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დონის. ჩვენ ნამდვილად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით და სანდოობის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, რომ კვირას იყო აბსოლუტურად დაცული ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მომავალში. იმედია, ჩვენ შევძლებთ ასევე იმ პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ასევე მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.